top of page
Writer's pictureRingo

გმირი ძაღლი: ბალტო

Updated: Jan 30, 2021


როცა ძაღლებზე, განსაკუთრებით კი მათ გმირულ საქმეებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია საიმონ უელსის მიერ 1995 წელს გადაღებული ძალიან შთამბეჭდავი, ანიმაციური ფილმი, 'ბალტო' არ გაგვახსენდეს, თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად მოინიშნეთ სანახავი ფილმების სიაში. არაჩვეულებრივი ნახატი და ჯეიმს ჰორნერის სულში ჩამწვდომი მუსიკა კიდევ უფრო მკაფიოდ აცოცხლებს 1925 წელს ალიასკის სოფელ ნომში მომხდარ ერთ ამბავს, რომელიც სწორედ ძაღლის დამსახურებით გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის.

ყველაფერი 1925 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც სოფელ ნომში ექიმებმა მომაკვდინებელი ინფექციის - დიფტერიის გავრცელების საფრთხე იგრძნეს. დაავადებასთან ბრძოლის იარაღი - ვაქცინა, მხოლოდ სოფლიდან 1000 კილომეტრის მოშორებით, ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ანკორიჯში მოიპოვებოდა. სასტიკი ზამთრისა და ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო ადგილამდე მისვლა თვითმფრინავითაც შეუძლებელი იყო, ერთადერთი გზა მარხილის გამწევი ძაღლებით გამგზავრება აღმოჩნდა, რაც დროსთან იყო დაკავშირებული. ხშირად მსგავსი მარშრუტის გავლას 1 თვესაც კი ანდომებდნენ ხოლმე, ამ დროში კი ათასობით ადამიანი დაიღუპებოდა.

ყველა სირთულის მიუხედავად 20-მა კაცმა გამოთქვა საპასუხისმგებლო მარშრუტის გავლის სურვილი, რომელიც „მოწყალების დიდი გზის“ სახელით არის ცნობილი. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ლეონარდ სეპალამ, რომელიც საუკეთესო ციმბირული ჰასკების პატრონი გახლდათ, ძაღლების ჯგუფის ლიდერად ყველაზე გამოცდილი 12 წლის ტოგო აირჩია, 3 წლის ბალტო კი მარხილში ჯგუფის ახალგაზრდა წევრმა გუნარ კაასენმა ჩააბა. ასაკის მიუხედავად ბალტომ დიდი სიმამაცე და ვაჟკაცობა გამოიჩინა რთულ გზაზე, უამრავი წინაღობის მიუხედავად, როცა სხვა ძაღლები ჰაერში იყვნენ და გზიდან გადახვევას ცდილობდნენ, ბალტო მუდმივად ხაზზე იყო და მყარად იდგა მიწაზე.

ბალტო და კაასენი სოფელ ნომს 2 თებერვალს დაუბრუნდნენ, მათ ძვირფასი ტვირთის ჩაბარებას 127,5 საათი - 5 დღე მოანდომეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი ძაღლების მარხილი ტოგოს მეთაურობით 27 იანვარს ჩამოვიდა, ბალტო რომელიც ბოლო მარხილს უძღვებოდა, გუნდური მუშაობის, სიმამაცის, სიმტკიცისა და იმედის სიმბოლო გახდა.

ბალტო 1933 წელს, 14 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ამით მისი ისტორია არ დასრულებულა, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში დაიდგა მისი სახელობის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. ასევე მუდმივი ექსპოზიცია კლივლენდის მუზეუმში მისულებს მისი გმირობის შესახებ ახსენებს. ყოველი წლის მარტში იმართება რბოლა დამწყები ძაღლებისათვის, რომლებიც ცდილობენ ბალტოს მიერ გავლილი გზა შეძლებისდაგვარად დაფარონ.

1995 წლის ანიმაციური ფილმის შემდეგ ხალხმა კიდევ უფრო მეტად შეიყვარა ბალტო და დააფასა მისი თავგანწირული საქციელი.

სანამ ვიხსენებთ, ვსაუბრობთ და სხვებს გადავცემთ მის გმირულ ამბავს, ის ცოცხალია, მაგალითის მომცემი, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი ძაღლები, შეუმჩნეველი არ დავტოვოთ მათი პატარა გმირობებიც კი და მათ შესახებაც მოვუყვეთ სხვებს.



Recent Posts

See All

Komentáře


bottom of page