ძაღლები არამხოლოდ ჩვენი მხიარული კომპანიონები, ბრძენი დამცველები და დამხმარეები, არამედ ცხოვრებისეული გაკვეთილის, საოცარი ერთგულების გამზიარებლებიც არიან.
ბევრი შინაური ცხოველისგან განსხვავებით ისინი სიცოცხლის ბოლომდე საკუთარი პატრონის ერთგულები არიან, ერგულებას კი თავისებურად სხვადასხვანაირად გამოხატავენ. 1921 წლის აგვისტოში, ორეგონის შტატში მცხოვრებმა ბრაზიერების ოჯახმა საკუთარი სახლი სილვერნოტში ცოტა ხნით დატოვა და სტუმრად აღმოსავლეთისკენ ინდიანაში, ნათესავების მოსანახულებლად გაემგზავრა. ოჯახს თან შოტლანდიელი კოლი ჯიში - ინგლისელი ნაგაზი ბობიც ახლდა თან. გზად, ერთ-ერთ გაჩერებაზე ბენზინგასამართ სადგურთან ბობის ადგილობრივი ძაღლები დაედევნენ. სულ მალე ბობი აღარსად ჩანდა, დადარდიანებული ოჯახის წევრები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ საყვარელი არსების მოსაძებნად. ბეჭდავდნენ პლაკატებს, მომხდარის შესახებ ატყობინებდნენ ქალაქის დიდ გამომცემლობებს, მაგრამ ამაოდ. მათ სახლში ბობის გარეშე მოუწიათ დაბრუნება. 1924 წლის თებერვლის დღეს ბრაზიერის ერთ-ერთი ქალიშვილი საკუთარი კაფედან გამოდიოდა, როცა მოულოდნელად მთავარ ქუჩაზე ბობი დაინახა.
ბობი საკმაოდ ბინძური, გამხდარი და გადაქანცული ჩანდა, აშკარად ეტყობოდა სახლამდე მთელი გზა ფეხით გამოევლო. ყველაფრის მიუხედავად ბობი ცოცხალი და უვნებელი იყო.
ემოციური იყო ბობის შეხვედრა ბატონ ბრაზიერთან, რომელმაც ჯერ არ იცოდა ბობის დაბრუნების შესახებ და ნახევრად მთვლემარეს მისი გამოჩენა სიზმარი ეგონა.
დაბრუნებული ოჯახის წევრი სათანადოდ გამოკვებეს, რის შემდეგაც ის 3 დღე უმოქმედოდ იწვა. ბობიმ სახლში დასაბრუნებლად უამრავი კილომეტრი, მთა და უდაბნო და მდინარეც კი გადაიარა ზამთარში. მისი ამბავი მთელ ქვეყანას მოედო, იწერებოდა სტატიები, მასზე საუბრობდნენ რადიოშიც კი.
დაბრუნებიდან 3 თვეში ბობიმ მუნჯურ ფილმში „დასავლეთის ძახილი“ ითამაშა, რომელიც მის ცხოვრებას და თავგადასავლებს ეძღვნებოდა.
სილვერნოტს კი ამშვენებს ბობის ფრესკა, რომელიც გამვლელებს გულგრილს ვერ ტოვებს. ასევე დაიდგა ქანდაკებაც მისი საკუთარი სახლის რეპლიკით, სადაც ყოველ წელს მისთვის პატივის მისაგებად ძაღლების აღლუმსაც კი მართავენ.
ხშირად ჩვენი ძაღლები ადამიანებზე უფრო დიდ ერთგულებას გვიჩვენებენ და თავიანთი საქციელით გვიმტკიცებენ, რომ ოჯახი ყველაზე ძვირფასი და მოსაფრთხილებელი რამ არის.
Comments