ბევრი წიგნი დაწერილა იმ ძაღლებზე, რომლებიც ომის დროს ინფორმაციის, იარაღის, მედიკამენტებისა და საკვების გადატანაში დახმარებიან ჯარისკაცებს და გარდა მნიშვნელოვანი პუნქტების დაცვისა, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაშიც კი მიუღიათ მონაწილეობა. გრანტ ჰაიტერ-მენზისის წიგნიც სათაურით „მაწანწალა ძაღლიდან პირველი მსოფლიო ომის გმირამდე“ სწორედ ასეთი მებრძოლი ძაღლის გმირულ საქციელზეა, რომლის ამბავმაც ბევრ მკითხველს აუჩუყა გული.
1918 წლის 14 ივლისს ამერიკის პირველი ქვეითი დივიზიის ბატალიონმა, ბასტილიის დღისთვის მიძღვნილ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. აღლუმის ერთერთ მონაწილეს - სიგნალის კორპუსის სპეციალისტს, რიგით ჯეიმს დონოვანს სიმთვრალის გამო ქალაქში შემოაღამდა და გზააბნეული მონმარტის ქუჩაზე ყაჩაღების გარემოცვაში აღმოჩნდა, ის ძაღლის მოულოდნელმა ყეფამ გამოაფხიზლა, რომელიც პატარა ყუთიდან ისმოდა.
მალე ადგილზე სამი დეპუტატი მივიდა და დონოვანს გაყოლა სთხოვეს. ჯეიმსს ძაღლის დატოვება არ უნდოდა და მოიგონა თითქოს ძაღლი პირველი სამმართველოს დაკარგული თილისმა იყო და ის სწორედ მის მოსაძებნად იყო გამოგზავნილი. უწყინარმა ტყუილმა შედეგი გამოიღო და დონოვანი პირველ დივიზიონში ლეკვთან ერთად დაბრუნდა. დაბრუნებიდან 2 კვირაში დონოვანი და რეგსი მარნეს რიგით მეორე ბრძოლაში გაგზავნეს, რომელიც თითქმის 1 თვე გრძელდებოდა. ჯეიმსის მისია 26-ე ქვეითი დანაყოფის და მე-7 საველე საარტილერიო ბრიგადის დაწინაურებულ ქვეითთა შენაერთებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო ხაზების გამართვა იყო. ერთერთი თავდასხმის დროს ხაზები განადგურდა, ინფორმაციის გადამცემები რიგითი ჯარისკაცები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც დავალების შესრულებისას მძიმე ჭრილობებს იღებდნენ. მე-7 საველე არტილერიაში წერილების დასაბრუნებლად დონოვანმა რეგსის წვრთნა დაიწყო, შედეგმა არ დააყოვნა და ძაღლმა მალე დაიწყო შეტყობინებების მიღება.
1918 წლის ივლისში კონტრ-შეტევის დროს რეგსი და დონოვანი ბატალიონთან ერთად ალყაში მოექცნენ. ერთადერთმა გადარჩენილმა ლეიტენანტმა სწორედ რეგსის საყელოთი გააგზავნა მნიშვნელოვანი წერილი, რომელშიც აღწერდა თავდამსხმელების რაოდენობასა და განლაგებას, დაღუპული ჯარისკაცების რიცხვს და დახმარებას ითხოვდა. რეგსიმ მავთულხლართებისა და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად მაინც მიაღწია მე-7 არტილერიის შტაბამდე და წერილი ადრესატს გადასცა. მალე გაიგზავნა დამხმარე ძალა და ჯგუფიც გათავისუფლდა. ეს არ იყო ჯარისკაცი ძაღლის ერთადერთი გმირობა, ომის დროს მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი. სანგრებში, რეგსისთან ერთად მყოფმა ჯარისკაცებმა ბევრი რამ ასწავლეს მას. მან უკვე იცოდა, თუ როგორ მისალმებოდა მნიშვნელოვან პირებს და სხვა.
1918 წლის ოქტომბერს გერმანელების მიერ ჩამოყრილი გაზის ჭურვებისგან გაბრუებული რეგსი ამერიკელმა ჯარისკაცმა მე-7 საველე არტილერიას გადასცა. ასხლეტილი ბომბებისაგან დაზიანებულს შეტყობინება მაინც თან ჰქონდა. მას ყურიდან, თათიდან და თვალიდან სისხლი სდიოდა. გაზისაგან მოწამლული რეგსი და დონოვანი ერთად გადიოდნენ მკურნალობას. მიუხედავად იმისა რომ ძაღლს ჭურვის ანასხლეტები ყურიდანაც და თვალიდანაც ამოუღეს, მას სიცოცხლის ბოლომდე არ ესმოდა და ვერ ხედავდა მარჯვენა თვალით. ძლიერად მოწამლული დონოვანი ჩიკაგოს საავადმყოფოში მკურნალობდა, მასთან ერთად იყო რეგსიც. მდგომარეობის გაუარესების გამო 1919 წელს დონოვანი გარდაიცვალა, ძაღლი კი მაიორ ჰარდენბერგის ქალიშვილებმა იშვილეს და მალევე ვაშინგტონში, არმიის კოლეჯში გაგზავნეს. ამის შემდეგ კი ნიუ იორკში, სადაც მას ომში გაწეული გმირობისთვის სპეციალური ლენტიც კი გადასცეს.
რეგსის დამსახურებების შესახებ გამოქვეყნდა უამრავი სტატია და დაიწერა წიგნი. 1928 წელს, მან ომის დასრულების მე-10 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებულ აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა. ბოლო წლები რეგსიმ ვაშინგტონში, მაიორის ოჯახთან ერთად გაატარა, ის 20 წლის ასაკში, 1936 წლის 22 მარტს გარდაიცვალა, რასაც "ნიუ იორკ ტაიმსმა" ნეკროლოგიც კი მიუძღვნა.
ყველაზე შესამჩნევი საფლავი მერილენდში, ასპენ ჰილის მემორიალურ პარკში, წარწერით „ომის გმირი, პირველი განყოფილების თილისმა“, სწორედ შერეული ჯიშის ტერიერს, გმირ ძაღლ რეგსის ეკუთვნის.
Comments