როგორც ვიცით შენი ერთ-ერთი საქმიანობა ძაღლების გასეირნებაა, მოგვიყევი როდის და რატომ დაიწყე ეს ყველაფერი?
ძაღლების გასეირნება ყოველთვის იყო ჩემი ჰობი და თავისუფალ დროს ვმუშაობ ამ განხრითაც, ვეხმარები ადამიანებს ოთხფეხა მეგობრების გასეირნებაში და მათი ქცევის კორექციაში, მაშინ როდესაც პატრონებს არ აქვთ დრო და სათანადო ცოდნა.
რამდენად მარტივია პატრონისა და ძაღლის ნდობის მოპოვება პირველ შეხვედრაზე?
ჩემთვის ეს არასდროს ყოფილა რთული, რადგან ჩემგან წამოსული ემოცია, ენერგეტიკა და პროფესიონალიზმი ყოველთვის შესამჩნევია ძაღლისთვის და მათი პატრონებისთვის. ჩემს საქმეს ვაკეთებ გულით და ხარისხიანად, ვარ ენთუზიაზმით აღსავსე და ეს პირველივე შეხვედრისას შეიმჩნევა.
როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
ჩემი ყოველი დღე დატვირთული და დამღლელია, მაგრამ დრო სასარგებლოდ გატარებული და ნაყოფიერი. ვმუშაობ შაბათ-კვირასაც და დღესასწაულებზეც, ჩემთვის დასვენების დღე ფაქტიურად არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ძაღლებს ყოველთვის სჭირდებათ მომვლელი, დამტოვებელი, გამსეირნებელი და გამრთობი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათი პატრონები ისვენებენ ან დრო არ აქვთ. ყოველდღე ძაღლებით ვარ გარემოცული: სეირნობა, მათი გამოკვება, გაწრთვნა და რაც მთავარია ყოველდღიურად სახლის, სასტუმროს და ჩვენი პირადი სივრცის დასუფთავება. მარტო ვცხოვრობ და მარტო მიწევს ყველაფრის გაკეთება, დამხმარის გარეშე.
ყველა ჯიშის ძაღლის გასეირნება შეგიძლია? იქნებ არის გამონაკლისი ჯიშები, რომელთა გასეირნებაზეც უარს ამბობ?
ფაქტიურად არასდროს მითქვამს უარი კლიენტისთვის ძაღლის ჯიშიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმუმ მიზეზი შეიძლება დროის უქონლობა იყოს. თითქმის ყველა ჯიშის ძაღლთან მიმუშავია და ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ მათთან თავს.
რამდენად ხშირად ასეირნებ მათ და რა არის ამ საქმიანობის ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად რთული ნაწილი?
ვასეირნებ ყოველდღიურად, როგორც ჩემს, ასევე სხვის ძაღლებსაც. ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო მათი განსხვავებულობაა, ინდივიდუალური ხასიათი და ურთიერთობა ასეთ არსებებთან, ყოველთვის პოზიტიური ენერგიით ვივსები და მრავალ თავგადასავალს ვაწყდებით ერთად. სირთულედ შეიძლება ჩაითვალოს ამინდის ფაქტორი, როდესაც ძლიერ ქარში, წვიმაში ან თოვლში გიწევს ძაღლის ტარება. ზაფხულის სიცხეშიც რთულია სეირნობა. მაქსიმალურად ვერიდები გაუსაძლის პირობებში მუშაობას, მაგრამ თუ ამინდის ფაქტორი ძაღლის ჯანმრთელობას და განწყობას ხელს არ უშლის, უფლება არ მაქვს უარი ვთქვა მათთან მუშაობაზე.
შენი აზრით, დღეში რამდენჯერ და რამდენი ხნით უნდა ასეირნებდნენ პატრონები თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს?
ზრდასრულ ასაკში მინიმუმ ორჯერ აუცილებელია ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, დილით და საღამოს ერთი საათი მაინც, სოციალიზაციისთვის და ენერგიის დასახარჯად ნორმალურია თუ თითო გაყვანა ორ საათს მაინც გაგრძელდება. ჯიშს არ აქვს მნიშვნელობა, როგორც დიდ ძაღლს სჭირდება ვარჯიში და ჰაერზე ყოფნა, ასევე პატარა ჯიშებსაც უხარიათ ეზოში თამაში და სხვა ძაღლების გაცნობა. ლეკვის პატრონებს რაც შეეხებათ, აცრების დასრულებისთანავე, რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ გარეთ და გაივლიან სოციალიზაციას, მით უფრო მალე მიეჩვევა ძაღლი ეზოში მოსაქმებას, ექნება კარგი ფსიქიკა.
მოძრაობა, ზრდისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
სად სეირნობთ ხოლმე ყველაზე ხშირად?
ვსეირნობთ ყველგან, პარკებში, კლიენტის სახლთან არსებულ სკვერებსა და ბაღებში. დიდ გასეირნებებს და ლაშქრობებს ლისის ტბის, კუს ტბის, თბილისის ზღვისა და ქალაქის მიმდებარედ ვაწყობ ხოლმე, რათა უფრო ინტენსიურად დავტვირთო ძაღლები.
ყველაზე მეტი რამდენ ძაღლთან ერთად გისეირნია? როგორ ეგუებიან ისინი ერთმანეთს მაშინ, როცა სრულიად უცხონი არიან ერთმანეთისთვის?
ათამდე ძაღლი ერთდროულად მიტარებია, ცხადია მათ ინდივიდუალური ხასიათს წინასწარ ვუთავსებ ერთმანეთს, მრავალი კომბინაციითა და შერჩევით გამომყავს ხოლმე ერთად. ძირითადად დროში ემთხვევიან ისეთი ძაღლები, რომლებიც ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობენ ერთმანეთთან. ჩემი გამოცდილებით და ცოდნით მათთან ვმუშაობ და ვწვრთნი ისე, რომ შევძლო ერთდროულად გავასეირნო. მთავარია სოციალიზაცია გაიარონ.
როგორ უმკლავდები ცელქ ძაღლებს და როგორ ამზადებ მათ პირველი გასეირნებისთვის?
პირველად ვასეირნებ სხვა ძაღლების გარეშე, რომ შევისწავლო მათი ხასიათი და თავისებურებები, მერე უკვე შესაძლებელია სხვებთან ერთად გაყვანაც, ცელქ ძაღლებს ვწვრთვნი სათანადოდ და ენერგიასაც ვახარჯინებ, რომ უფრო გაწონასწორებულები იყვნენ.
ხშირია თუ არა, როცა ძაღლები გაქცევას ცდილობენ და შენ მათი დამორჩილება გიწევს?
ეს ჩვეულებრივი მომენტია თავიდან, როცა ძაღლმა არ იცის საბელით სეირნობა. დრო უნდა, რომ მივაჩვიო ჩემი ტემპით სიარულს.
მიუღია თუ არა ძაღლს შენთან ერთად სეირნობისას რაიმე სახის დაზიანება ან ჭრილობა? რა უნდა მოიმოქმედოს გამსეირნებელმა ამ დროს?
სერიოზული ფიზიკური ზიანი არ მიუღია არასდროს, ძალიან ყურადღებით და ფრთხილად ვარ ნებისმიერი გასეირნების დროს, რომ არც ძაღლი და არც მე არ დავშავდეთ. ალბათ 10 წელია რაც ძაღლებს ვასეირნებ და სერიოზულ ინცინდეტს ადგილი არ ჰქონია.
რა არის ის ძირითადი თვისებები, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ძაღლის გამსეირნებელს? (გარდა იმისა, რომ უყვარდეს და პატივს სცემდეს ცხოველებს?)
ძაღლის გასეირნებას ცოდნა უნდა. გამსეირნებელმა იდეალურად უნდა იცოდეს ძაღლის ფსიქოლოგია, შეეძლოს ექსტრემალურ სიტუაციებში დროული გადაწყვეტილების მიღება, ეურთიერთოს ქუჩის მაწანწალა ძაღლებს ისე, რომ კლიენტის ძაღლი და თავისი თავი საფრთხეში არ ჩააგდოს, ფიზიკურად უნდა იყოს ძლიერი და უშიშარი, არ ანაგვიანებდეს გარემოს, შეეძლოს ძაღლთან კომუნიკაცია და იყოს ფრთხილი და ყურადღებიანი.
იცნობთ თუ არა რინგოს ეკომეგობრულ ქისას და ხართ თუ არა მისი მომხმარებელი?
დიახ, რინგოს და მის პროდუცქციას ვიცნობ. გასეირნებისას ერთერთი აუცილებელი ნივთია, რათა გარემო არ დავაბინძუროთ, მე ყოველთვის თან დამაქვს.
ხართ თუ არა გაწევრიანებული ან ჩართული ცხოველებზე მზრუნველ ორგანიზაციებსა თუ პროექტებში?
სასტუმროდან ან გასეირნებიდან შემოსული თანხებით ხშირად ვყიდულობ საკვებს უსახლკარო ცხოველებისთვის და ასევე ვრიცხავ თანხებს სხვადასხვა ორგანიზაციებში.
მინდა მოვუწოდო ძაღლების პატრონებს, რომ მეტი დრო გაატარონ თავიანთ შინაურ ცხოველებთან და პასუხისმგებლობით მოეკიდონ გარშემო მყოფ ცხოველებსა და ადამიანებს.
ความคิดเห็น