„რინგო“ თბილისში დაბადებული 14 წლის ამერიკული კოკერსპანიელია, რომელიც ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ გაუმართლა, როცა 5 ლეკვიდან ნესტანმა ის აირჩია. მას შემდეგ ორი მეგობრის თანაცხოვრების უამრავი წელი გავიდა. მათ შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი ერთად გაატარეს – სამყარო შეიმეცნეს და განვითარდნენ. ძაღლი, რომლის თათებმაც ზღვისა თუ ოკეანის სანაპიროებზე ინავარდეს და რომელმაც კარგად დაიმახსოვრა თითოეული ქვეყნის სურნელი, ადრეული წლებიდან მრავალი კულტურისა თუ ადათ-წესების ადამიანს შეხვდა. ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი გადაწყვიტა მშობლიური ქალაქის სისუფთავეზე ეზრუნა. ამაში მას ნესტანი დაეხმარა – ადამიანი, რომელიც მისთვის მეგობარი იყო, ბიზნესპარტნიორადაც იქცა.
„რინგომ“ მოიარა იტალია, საფრანგეთი, თუმცა გაოცება ვერ დამალა, როცა შვეიცარიაში ამოყო თავი – საოცარი ბუნება, ულამაზესი ქალაქები და ერთი გასაოცარი რამ – სუფთა ქუჩები, სადაც ვერსად ნახავდით ძაღლის ფეკალიებს. სწორედ ამ დროს მივიდა ოთხფეხა გენიოსი დასკვნამდე, რომ თბილისში დატრიალებული პრობლემა მოეგვარებინა.
გაახსენდა მაჰათმა განდის ფრაზა: „ცვლილებები შენგან უნდა იწყებოდეს“, და ისეთმა მოუსვენრობამ შეიპყრო, რომ მადა დაეკარგა და ძილსაც ვერ დაუდო გული. რადგან „რინგო“ კარგად ხვდებოდა, რომ ძაღლებს ფეკალიების აწმენდა ფიზიკურად არ შეეძლოთ, დახმარებისთვის ნესტანს მიმართა.
თავის მხრივ, ამ პრობლემას „რინგოს“ მეგობარიც აცნობიერებდა და საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იღებდა ქალაქის სისუფთავის შენარჩუნებაში. თუმცა მიხვდა, რომ მას და „რინგოს“ ჰქონდათ უნარი, ეფიქრათ უფრო მასშტაბურად და ერთ დღესაც საბოლოოდ გადაწყდა, გარკვეული ზომები მიეღოთ, რადგან თბილისში მცხოვრები ადამიანები და მათი ოთხფეხა მეგობრები სუფთა ქუჩებს იმსახურებდნენ.
ნესტანმა და „რინგომ“ ევროპაში ცხოვრების დროს ერთად უამრავი რამ აღმოაჩინეს. ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყისშივე ნესტანი მოემზადა მოსალოდნელი სირთულეების გადასალახად, თუმცა იტალიური რეალობა მისი წარმოსახვიდან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა, რამაც იგი სასიამოვნოდ გაკვირვებული დატოვა.
„რინგოს“ ყველგან დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ – იქნებოდა ეს კაფეები, კონცერტები, მუზეუმები, მაღაზიები თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეგობრები მიხვდნენ, რომ ევროპაში შესაძლებელი იყო ორივე მათგანს თავი კომფორტულად ეგრძნო.
მას შემდეგ, რაც „რინგომ“ და ნესტანმა იტალიაში 4 წელი გაატარეს და სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ერთად იმოგზაურეს, მეგობრებმა საბოლოო დანიშნულების ადგილად თბილისი აირჩიეს. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი დაიწყეს პროექტზე მუშაობა, რომლის საძირკველი სოციალური პასუხისმგებლობა იყო.
„მე და „რინგო“ ყოველთვის ვწუხდით ძაღლის ფეკალიებით სავსე ქუჩების გამო. ჩვენ ამ პრობლემას ევროპაში არ ვაწყდებოდით და თავს კომფორტულადაც ვგრძნობდით. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, რომ როგორც ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის, ისე მათი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც მსგავსი შესაძლებლობა მიგვეცა“, – იხსენებს „რინგოს“ მეგობარი ნესტანი.
ქალაქის ტროტუარებზე არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, „რინგომ“ და ნესტანმა კვლევები აწარმოეს და ბაზრის შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ ძაღლის ფეკალიების ასაღები პარკები საქართველოში არცერთ ზოომაღაზიაში არ იყიდებოდა. შესაბამისად, ცხოველების პატრონებს უწევდათ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაეჭრათ ეს პრობლემა.
ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, განუყრელმა მეგობრებმა ძაღლის ფეკალიების ასაღები პარკებისთვის განკუთვნილი ქისები შექმნეს. აღსანიშნავია, რომ „რინგო“ ზრუნავს როგორც ადამიანებზე, ისე სამყაროზე, შესაბამისად იყენებს ბიოდეგრადირებად პარკებს, რომლებიც ბუნებრივი პროდუქტებისგან მზადდება, ადვილად იხრწნება და მიწასთან შეხების შემდეგ გარემოზე უარყოფით ეფექტს არ ახდენს.
რაც შეეხება ქისებს, ისინი საქართველოში იკერება და მათში მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები თავსდება. ინფორმაციის ძიების შემდეგ, „რინგო“ და ნესტანი მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათი ქისების დასამზადებლად ცხოველებს არ ხოცავენ, არამედ ტყავს ნარჩენებისგან ამუშავებენ.
დღესდღეობით, „რინგო“ მომხმარებლებს სხვადასხვა ფერის როგორც ტყავის, ისე ვეგანურ ქისებს სთავაზობს, რომლებშიც ძაღლების ფეკალიების ასაღებად საჭირო ბიოდეგრადირებადი პარკების მოთავსება შეუძლიათ.
ქისებმა პოპულარობა ძალიან სწრაფად მოიპოვა. გარდა იმისა, რომ ქისა საქართველოში მზადდება, იგი განსხვავებული დიზაინისაა და ამასთანავე, კომპაქტურიც. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, „რინგოს“ უდიდესი მისია აკისრია, რომლის ირგვლივ ყველა ძაღლის პასუხისმგებლობის მქონე პატრონი ერთიანდება – ოთხფეხა მეგობრებთან ერთად დაიცვან ქალაქი დაბინძურებისგან.
„რინგო“ ქართულია, გარემოს დაცვისკენაა მიმართული და ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ეს საკმარისი გახდა იმისათვის, რომ სოციალური პროექტიდან ფინანსურად მომგებიანი საქმე გამხდარიყო. თავიდან ყველაფერი ონლაინგაყიდვებით დაიწყო, დღესდღეობით კი ცხოველების პატრონები „რინგოს“ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, კონცეპტმაღაზიასა თუ ზოომაღაზიაში შეხვდებიან. ადგილობრივი თვალსაზრისით, გარდა თბილისისა, ქისები ქუთაისშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო რაც შეეხება გლობალურ მასშტაბებს, სტარტაპმა სულ ცოტა ხნის წინ სცადა საკუთარი ხედვითა და დამოკიდებულებით მრავლისმნახველი ევროპაც გაეოცებინა. სულ მალე „რინგო“ ექსპორტზე გავა.
შეუძლებელია ერთხელ მაინც შეამჩნიო „რინგოს“ ქისა პარკში მონავარდე ძაღლზე და არ დაგამახსოვრდეს. ბიოდეგრადირებადი პარკებით სავსე პატარა ქისას პატრონები ადვილად ამაგრებენ ჩანთებზე, ქურთუკებზე თუ ოთხფეხას ყელსაბამზე.
წარმოიდგინეთ, სეირნობთ, თამაშობთ ან დარბიხართ საყვარელ ცხოველთან ერთად და ამ დროს არავითარ დისკომფორტს არ გრძნობთ, რადგან ქისა ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია, ამავდროულად კი უდიდეს დახმარებას გიწევთ.
საქმიანობის პროცესში ნესტანმა და „რინგომ“ უდიდესი მხარდაჭერა მიიღეს. იმაზე მეტი, ვიდრე ფიქრობდნენ და ელოდნენ. საკუთარი იდეების განხორციელების შემდეგ, საზოგადოებამდე ამბის მიტანაში „რინგოს“ მედია დაეხმარა, მაგრამ შეუძლებელია ასევე არ აღინიშნოს ის ვიდეოდღიურები, რომლითაც ნესტანის მეგობარი საზოგადოებამ უკეთ გაიცნო.
„რინგო“ ვიდეოების საშუალებით გვიყვება, თუ როგორ დაიწყო ნამდვილი მოგზაურივით სამშობლოდან შორს, საკუთარ ქალაქზე ზრუნვა, როგორ აღმოაჩინა უამრავი კულტურა და მიხვდა, რომ ნამდვილი სიყვარული, რომელიც მისი ოჯახის მიმართ აქვს, ზრუნვაში გამოხატოს, თანაც ისე შეცვალოს სამყარო, როგორც ლორდის შთამომავალს ეკადრება.
„რინგომ“ გააცნობიერა, რომ სხვას არ უნდა დალოდებოდა. დახმარება სთხოვა ნესტანს, რომ თბილისის ლამაზ ქალაქად ქცევაში წვლილი ერთად შეეტანათ. „რინგოს“ აზრით, 20 ბიოდეგრადირებადი, ერთჯერადი პარკით სავსე კოხტა ქისა ის აქსესუარია, რომელიც არა მხოლოდ ალამაზებს მათ, არამედ დიდ დახმარებასაც უწევს.
ქართული სტარტაპი „რინგო“ თანდათან ვითარდება. ვარაუდობენ, რომ იგი არა მარტო საქართველოსა და ევროპას, არამედ მთელ სამყაროს მოიცავს. ნესტან მამაცაშვილს ღრმად სწამს – ადამიანებს და მათ ოთხფეხა მეგობრებს თანაბრად სურთ სუფთა გარემოში ცხოვრება და იმედოვნებს, რომ ერთიანი ძალებით მსოფლიოს შეცვლა შესაძლებელია, რადგან „რინგო“ იზიარებს ინდოეთის „ერის მამის“ მოსაზრებას, რომ დიდი შედეგების მისაღწევად, პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
Comments