top of page
Writer's pictureRingo

სოციალური საწარმო 'მწვანე საჩუქარი'ს საქმიანობა და მიზნები


გარემოზე მზრუნველი ორგანიზაციების ეფექტური საქმიანობა, ხშირად ფართო მასების ყურადღების მიღმა რჩება, ჩვენმა მოქალაქეებმა არც კი იციან, რომ გარკვეული ჯგუფები თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.



ანა ბერიძე - დანდის უნივერსიტეტის გარემოს სამართლის მაგისტრი და ააიპ “მწვანე საჩუქარი”-ს გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების მენეჯერია, ინტერვიუში ის, არამხოლოდ ორგანიზაციის საქმიანობაზე, არამედ მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზეც გვესაუბრა.

სოციალური საწარმო “მწვანე საჩუქარი”-ს მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. აგრეთვე მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

მწვანე საჩუქარი”-ს ძირითადი საქმიანობებია – საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების დახარისხებისა და შეგროვების კულტურის დანერგვა; გარემოს დაცვითი საგანმანათლებლო აქტივობების, ტრენინგების, ღონისძიებების ორგანიზება და გარემოს დაცვის პოპულარიზაცია.

სოციალური საწარმო "მწვანე საჩუქარი", რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის შიგნით არსებული ორი სოციალური პრობლემის – ქაღალდის გადამუშვების დაბალი კულტურის და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების დაბალი პროცენტულობის, თანაკვეთით შექმნილი ურთიერთშემავსებელი ჯაჭვის შექმნაა. სოციალური საწარმოს ძირითადი საქმიანობაა – ქაღალდის შეგროვება, მისი გადამუშავება და აღდგენილი ქაღალდით ახალი პროდუქტის წარმოება.



- დღეს მსოფლიოს ეკოლოგიური პრობლემები აწუხებს, ეს კი პოლიეთილენის მასიური მოხმარების ბრალია.

საინტერესოა, რა სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში და როგორ შეგვიძლია ამ გლობალური პრობლემის მოგვარება?



გარემოს სხვადასხვა სახის პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურება თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევას წარმოადგნეს. ბუნებაში ნარჩენის სახით მოხვედრილი პლასტიკი უარყოფით გავლენას ახდენს არსებულ ეკო-სისტემებსა და ადამიანის კეთილდღეობაზე. მაგალითად, ხშირად ფატალურად სრულდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ფრინველები, ცხოველები თუ ზღვის ბინადრები პლასტიკის ნარჩენებს საკვებად იყენებენ ან ებმებიან მათში და თავის დაღწევას ვეღარ ახერხებენ; პლასტიკით დაბიძნურების გამო, ასევე, იკარგება რეკრეაციული ზონები, ზიანდება ტურიზმი და სხვ.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მონაცემების მიხედვით, 1950-იანი წლებიდან დღემდე ჯამში კაცობრიობამ დაახლოებით 8,3 მილიარდი ტონა პლასტიკი აწარმოვა, რომლის 60%-იც პირდაპირ ბუნებაში ან ნაგავსაყრელებზე მოხვდა. ამავე მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკის ნარჩენი გროვდება, მათგან 8 მილიონი ტონა ნარჩენი კი უშუალოდ ოკეანეებში ხვდება. ივარაუდება, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პლასტიკის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნის ადამიანს, რომლისთვისაც საკვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს სწორედ ოკეანეები და მასში არსებული თევზი წარმოადგენს.


- უკვე ცნობილია, რომ რინგო მხოლოდ და მხოლოდ ბიოდეგრადირებად პარკებს მოიხმარს, რის მნიშვნელობასაც საზოგადოება ხშირად ვერ იგებს, იქნებ განგვიმარტოთ რატომ არის ცუდი პოლიეთილენი და რითი ჯობია ბიოდეგრადირებადი პროდუქცია მას?



გარემოს პლასტიკით დაბიძნურების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი მიზეზი ისეთი პლასტიკის ნივთების ჭარბი წარმოება და მოხმარებაა, რომლებსაც ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ და მომხმარებლები მათ მხოლოდ ერთჯერადად იყენებენ. ამ მხრივ, ერთერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად პროდუქტს პოლიეთილენისგან დამზადებული პარკები წარმოადგენს. პოლიეთილენის პარკის წარმოება დაკავშირებულია ბუნებრივი გაზისა და ნავთობის გამოყენებასთან, რაც უშუალოდ უკავშირდება სათბური აირების ემისიებს და ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას. ამასთან, პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე რთულად იშლება ბუნებაში მოხვედის დროს და, შესაბამისად, ის, შესაძლოა, იქ საუკუნეების განმავლობაში დარჩეს, რაც დიდ ზიანს აყენებს გარემოს. შესაბამისად, ამ გარემოებებში აუცილებელია პოლიეთილენის პარკის სხვა ისეთი პროდუქტით ჩანაცვლება, რომელიც ბუნებაში მოხვედრის დროს არ დააზიანებს მას. ერთ-ერთ ასეთ ეკო-მეგობრულ პროდუქტად სწორედ ბიოდეგრადირებადი პარკები მიიჩნევა, რომლებიც ძირითადად მცენარეებისგან იწარმოება და აქვთ ბუნებაში მარტივად და სწრაფად დაშლის, დეგრადირების უნარი. შესაბამისად, პოლიეთილენის პარკების ნაცვლად ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენებით ჩვენ ვამცირებთ პლასტიკის უარყოფით გავლენას გარემოზე და ნაკლებად ვაზიანებთ მას.


- ვისაუბროთ: პოლიეთილენი VS ბიოდეგრადირებადი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პოლიეთილენისგან დამზადებულ პროდუქციას მოიხმარს, არსებობს თუ არა კანონი ამის შესაჩერებლად? და თუკი არსებობს ასეთი, აქვს თუ არა მას ძალა?


პოლიეთილენის პარკებისგან გამოწვეული პრობლემების გადაჭრას ბევრი ქვეყანა მათი აკრძალვით ან გადასახადების დაწესებით ცდილობს. სწორედ აკრძალვების გზა აირჩია საქართველომაც და 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ქვეყანაში აიკრძალა ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამ რეგულაციის შემოღების აუცილებლობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების ნარჩენების საგანგაშოდ დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით ისევ არ არსებობს ამ ნარჩენების ეფექტურად მართვის სისტემა. შესაბამისად, ამ რეგულაციით, ერთი მხრივ, იკრძალება პლასტიკის პარკები, მეორე მხრივ კი, წესით, მან ხელი უნდა შეუწყოს ბიოდეგრადირებადი პროდუქტის პოპულარიცაზიას. ზოგადად, აკრძალვები გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ მნიშნელოვან ხერხს წარმოადგენს, ვინაიდან ჯარიმის დაკისრების შიში ხშირად ხელს უწყობს მოსახლეობაში გარემოსთვის სასარგებლო ქცევების ჩამოყალიბებას. თუმცა, იმისთვის, რომ ამგვარმა აკრძალვებმა შედეგი გამოიღოს, საჭიროა, გვქონდეს მათი აღსრულების ეფექტური მექანიზმები, რათა დროულად გამოვლინდეს და აღიკვეთოს დარღვევის ფაქტები. შესაბამისად, ამ რეგულაციის წარმატებაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.


ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ნარჩენებისგან წარმოქმნილ გარემოსდაცვით პრობლემებს ვერ მოაგვარებს. აუცილებელია მრავალხმრივი მიდგომა. საჭიროა მოხდეს ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაცია, ქვეყანაში უნდა დაინერგოს ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემა, უნდა მოხდეს ნარჩნების სეპარირება და უნდა შეიქმნას ნარჩენების გადამამუშავებელი მეტი პუნქტი. ამასთან, ერთერთ უმნიშვნელოვანეს და აუცილებელ მექანიზმს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობირების ამაღლება წარმოადგნეს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელდეს რაც შეიძლება მეტი გარემოსდაცვითი შემეცნებითი პროექტი და მუდმივად წარმოებდეს გარემოსდაცვითი საინფორმაციო კამპანია.


- როგორ ხედავთ მომავალ 10-20 წელიწადს? თქვენი აზრით, ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, დაპატარავდება თუ პირიქით, გაიზრდება?

საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება გარემოსდაცვითი საკითხები, რასაც მნიშვნელოვნად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ქვეშ ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის გარემოსდაცვით დირექტივებთან დაახლოების პროცესი წარმოადგენს. ამასთან, სულ უფრო იმატებს ისეთი კომპანიათა რიცხვი, რომლებიც აწარმოებენ და იყენებენ ეკომეგობრულ პროდუქტებს, ცდილობენ გამოიჩინონ მაღალი სოციალური გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ვფიქრობ, მომდევნო წლებში დაინერგება და თანდათანობით უფრო და უფრო დაიხვეწება ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემა, უფრო და უფრო პოპულარული გახდება ბიოდეგრადირებადი თუ სხვა სახის ეკომეგობრული პროდუქცია და პოლიეთილენის პარკებით გამოწვეული პრობლემებიც შედარებით შემცირდება.

Comments


bottom of page